logo
ENG



ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

23 თებ 202018:07
3 წუთის საკითხავი
clock 483
oy2kzatwrob7bvj.jpg

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა მკაცრი შეზღუდვები დაწესდება.

„როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე საპრევენციო ღონისძიებების შესახებ.

არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს. აღნიშნულის მიუხედავად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც.

საქართველოს მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი)”, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

როგორც „ფორმულას“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ირანიდან ფრენები 24 თებერვლის ჩათვლით არის შეზღუდული.

 

 


close დახურვა