logo
ENG



ირანის საგარეო: ირანი უკრაინაში მეომარ მხარეებს იარაღს არ უგზავნის, ომის დასრულება სურს

21 ოქტ 202212:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/ysgml6uvkcw91uf.png
Maxim Shemetov/Pool/AFP/Getty Images

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანი პატივს სცემს უკრაინის "ტერიტორიულ მთლიანობას". მან ასევე უარყო, რომ თეირანმა მოსკოვს უკრაინაზე თავდასხმის განსახორციელებლად უპილოტო დრონები მიაწოდა.

"თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ის, რომ ირანი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას." - წერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ზე.
"ირანი უკრაინაში მეომარ მხარეებს არ უგზავნის იარაღს და ომის დასრულება სურს." - თქვა ამირაბდოლაჰიანმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა დიპლომატიური გზით ცდილობს შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში და ევროპელებს ურჩევს, ამ საკითხს რეალისტურად შეხედონ.

ირანმა არაერთხელ უარყო რუსეთისთვის "კამიკაძე" დრონების მიწოდება საპირისპირო მტკიცებულებების ფონზე. 20 ოქტომბერს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანელი სამხედრო პერსონალი ყირიმში ჩავიდა, რათა უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით დაეხმარონ რუსეთის ოპერაციებს, რომელთა სამიზნე უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. ჯონ კირბიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა, თქვა, რომ ირანელი პერსონალის ყოფნა კონფლიქტში თეირანის უშუალო ჩართულობის მტკიცებულებაა.

"მათ შეუძლიათ მსოფლიოს მოტყუება, მაგრამ ფაქტების დამალვა ნამდვილად არ შეუძლიათ."- განაცხადა კირბიმ


close დახურვა