ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტების გაღვივებაში შეერთებული შტატები და ისრაელი დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ლიბანში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ლიბანელ კოლეგას, იუსეფ რაჯის შეხვდა.
არაღჩის თქმით, „ამერიკელები და ისრაელელები პირდაპირ ერევიან პროტესტებში“ და ცდილობენ, „მშვიდობიანი აქციები გარდაქმნან გამყოფ და ძალადობრივ პროცესებად“. მისივე განცხადებით, ირანის საზოგადოება „კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ ჩარევას ქვეყნის შიდა საქმეებში“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-ის ან ისრაელის მხრიდან უახლოეს პერიოდში სამხედრო მოქმედებების ალბათობაზე. „ჩვენ გვჯერა, რომ ამის შესაძლებლობა დაბალია, რადგან მათი წინა მცდელობები სრული მარცხით დასრულდა,“ - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ისრაელმა, აშშ-ის მხარდაჭერით, ირანის წინააღმდეგ მოკლევადიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელა, რომელიც, ვაშინგტონისა და თელ-ავივის განცხადებით, ირანის ბირთვული შესაძლებლობების შესუსტებას ისახავდა მიზნად.
