ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ჰამასი ცოცხალია და მისი ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილის მიუხედავად არსებობას განაგრძობს.
"მისი დაკარგვა უდავოდ მტკივნეულია წინააღმდეგობის ფრონტისთვის, მაგრამ წინსვლა გამოჩენილი მოღვაწეების თავგანწირვით არ სრულდება. ჰამასი ცოცხალია და ცოცხალი იქნება", - განაცხადა ხამენეიმ.
17 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ 16 ოქტომბერს ღაზის სექტორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჰამასის ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს.
"ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების შედეგად სამი ტერორისტი ლიკვიდირებულია. ისრაელის თავდაცვის არმია ამოწმებს შესაძლებლობას, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია", - აღნიშნეს IDF-ში.
განცხადების მიხედვით, შენობაში, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ, ისრაელელი მძევლების ყოფნის კვალი არ იკვეთებოდა.