ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების 61 მოქალაქეს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, ირანელი დისიდენტური ჯგუფის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა. მიზეზი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლებაზე მრავალთვიანი მოლაპარაკებების ჩიხში შესვლაა.
ირანი ამერიკას დისიდენტური დაჯგუფების მოჯაჰიდ-ი-ჰალკის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატი, ასევე თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნულ უსაფრთხოებაში.
სანქციების ფარგლებში ირანის ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება, ე.წ. შავ სიაში შეყვანილი პირების აქტივები გაყინონ, რომლებსაც ისინი ირანის ტერიტორიაზე ფლობენ, თუმცა როგორც Reuters წერს, ხსენებული პირები ირანში ქონებას არ ფლობენ, ამიტომ სანქციებს ფორმალური ხასიათი ექნება.
ცნობისთვის, ირანმა მიმდინარე წლის იანვარში 51 ამერიკელს სანქციები დაუწესა, ხოლო აპრილში ე.წ. შავ სიაში კიდევ 24 ამერიკელი შეიყვანა. არაპირდაპირი მოლაპარაკებები აშშ-ირანს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლებაზე გასული წლის ნოემბერში, ვენაში დაიწყო და ივნისში, კატარში გაგრძელდა, თუმცა ჩიხში შევიდა. 2018 წელს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ის ირანთან მიმართებაში საკმაოდ რბილია. ამის შემდეგ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რის შემდეგაც თეირანმა ბირთვული შეთანხმების პირობები დაარღვია.