logo
ENG



ირანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, 211 კი დაშავდა

04 იან 202408:36
3 წუთის საკითხავი
 

ირანში, ქალაქ კერმანში მომხდარ ორ აფეთქებას სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 211. ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ 27 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი მსხვერპლი მეორე აფეთქებას მოჰყვა. დაღუპულებს შორის არის ექიმიც, რომელიც პირველი აფეთქების დროს დაშავებულების დასახმარებლად მივიდა. 

ცნობილია, რომ პირველი აფეთქება ყოფილი სამხედრო მეთაურის ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მოხდა, ხოლო მეორე - დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, მაშინ, როცა ადგილზე მომლოცველები გადაადგილდებოდნენ.

სოლეიმანი 4 წლის წინ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

ირანის „ჩრდილოვანი მეთაურის“ სახელით ცნობილი სოლეიმანი, რომელიც 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა ყუდსის ძალებს, იყო ირანის სამხედრო ოპერაციების განმახორციელებელი ერაყსა და სირიაში.


close დახურვა