ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს მამაკაცს, რომელსაც ამერიკელებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ცნობით, სწორედ სეიდ მაჯდმა მიაწოდა ინფორმაცია შეერთებული შტატებისა და ისრაელის დაზვერვის სამსახურებს, გენერალ ყასემ სოლეიმანის ადგილსამყოფელის შესახებ.
ირანის რევოლუციური გვარდიის ყოფილი მთავარსარდალი ამერიკელებმა იანვრის დასაწყისში მოკლეს. მისი მანქანა ბაღდადის აეროპორტთან ახლოს წერტილოვანი ავიადარტყმის შედეგად ააფეთქეს. მისი მკვლელობის შემდეგ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბულობა უფრო გამწვავდა, ირანის არმიამ გენერლის მკვლელობის გამო ერაყში ამერიკელების ბაზები დაბომბა, ერთ-ერთი რაკეტა კი შეცდომით უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს მოხვდა და ჩამოვარდა.