ირანში ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო ქალი გაამათრახეს - როგორც გამოცემა Telegraph წერს, 33 წლის როია ჰეშმატი თეირანში ჰიჯაბის გარეშე რამდენჯერმე გამოჩნდა, რის შემდეგაც ის "საჯარო მორალის დარღვევისთვის" დაადანაშაულეს და ბრალი "გარყვნილების წახალისებისთვის" წაუყენეს. ამასთან, ქალს ჯარიმის სახით 225 ევროს გადახდა დააკისრეს.
Telegraph ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ როია ჰეშმატი აპრილში დაკავებული იყო, რადგან მას სოციალურ ქსელში თავდაუბურავი ფოტო გამოაქვეყნა.
2022 წელს ირანში საპროტესტო ტალღა გამოიწვია მორალის პოლიციის მიერ 22 წლის სტუდენტზე, მაჰსა ამინზე ძალადობამ - ის ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავეს და სცემეს, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამას ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
უწყება ამტკიცებდა, რომ მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ეს უარყო ოჯახმა და აღნიშნა, რომ ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული იყო თვითმხილველების განცხადებებიც, როგორც ისინი ჰყვებოდნენ, მაჰსა ამინი პოლიციამ დაკავების შემდეგ ფურგონში სცემა.
მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა - სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, დემონსტრანტები წვავდნენ ჰიჯაბებს, მათი მთავარი სლოგანი გახდა "ქალი, ცხოვრება, თავისუფლება". უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
2023 წლის ოქტომბერში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო კიდევ ერთ მოზარდს სცემა - არმიტა გერავანდის ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო, მორალის პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, თუმცა ამ ინფორმაციას ხელისუფლება უარყოფს და აცხადებს, რომ ის თეირანის მეტროში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მიყენებული ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს.
28 ოქტომბერს ირანის სამთავრობო მედიამ არმიტა გერავანდის სიკვდილის შესახებ დაწერა და განაცხადა, რომ "ტვინის გათიშვის" შემდეგ ის რამდენიმე დღე კომაში იყო.