"[კელი] დეგნანი არის აგენტი", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკას.
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქართულ ოცნებას რუსული სტილის კანონი "ძალით გააქვს" და მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, ისინი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლესმა სკოლამ იტალიაში, ბოლონიაში უმასპინძლა დისკუსიას სახელწოდებით "საქართველო - ბრძოლა დემოკრატიისა და ევო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის". დისკუსიაზე სასაუბროდ მოწვეული იყო კელი დეგნანიც, რომელიც ამჟამად აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის თავმჯდომარის საგარეო პოლიტიკის მრჩეველია.
დეგნანი ფიქრობს, რომ რუსული კანონის შემობრუნება უკავშირდება იმას, რომ ოქტომრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვან.
ყოფილმა ელჩმა ასევე თქვა, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ და ბიძინა ივანიშვილს მან ოლიგარქი უწოდა:
"საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ და აქ არსებობს ენდემური, მაღალი დონის კორუფცია და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები".