logo
ENG



ისრაელის ელჩმა გაეროში ყვითელი ვარსკვლავი გაიკეთა

31 ოქტ 202309:20
3 წუთის საკითხავი
 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ყვითელი ვარსკვლავის ტარებას აპირებს მანამ, სანამ ორგანოს წევრები ჰამასის "სისასტიკეს" არ დაგმობენ.

ნაცისტური გერმანიის პერიოდში ებრაელებს აიძულებდნენ, რომ დავითის ყვითელი ვარსკვლავი ეტარებინათ. დღეს ვარსკვლავის გაკეთება ჰოლოკოსტის შეხსენებასთან ასოცირდება. 

"ზოგიერთმა თქვენგანმა ბოლო 80 წლის განმავლობაში ვერაფერი ისწავლა. ზოგიერთმა თქვენგანმა დაივიწყა, რატომ შეიქმნა ეს ორგანო", - განაცხადა გილად ერდანმა და უშიშროების საბჭო "დუმილის გამო" გააკრიტიკა.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან სამი კვირის თავზე უშიშროების საბჭოს ამ დრომდე არც ერთი რეზოლუცია არ მიუღია. 

"ასე რომ, მე შეგახსენებთ. დღეიდან ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გემახსოვრებათ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება. როგორც ჩემი ბებია და ბაბუა, მილიონობით ებრაელის ბებია და ბაბუა, დღეიდან მე და ჩემი გუნდი ყვითელ ვარსკვლავს ვატარებთ", - განაცხადა მან და გულზე ვარსკვლავი მიიბნია წარწერით "აღარასდროს".

უკვე რამდენიმე კვირაა ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის გამო გაეროს უშიშროების საბჭო გაყოფილია, რის გამოც რეზოლუციის ოთხი ტექსტი დაიბლოკა.

ზოგიერთ ტექსტს ვეტო დაადო აშშ-მა, რომელიც ისრაელის ახლო მოკავშირეა, რადგანაც იქ არ იყო ნახსენები ისრაელის უფლება თავდაცვაზე.

სხვა ვარიანტი, რომელიც გაეროში აშშ-მა წარადგინა, დაბლოკეს რუსეთმა და ჩინეთმა, რადგანაც ის ცეცხლის შეწყვეტისკენ მკაფიო მოწოდებას არ შეიცავდა.


close დახურვა