ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზაში, შესაძლოა დაჯგუფება ჰამასის ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს.
"ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების შედეგად სამი ტერორისტი ლიკვიდირებულია. ისრაელის თავდაცვის არმია ამოწმებს შესაძლებლობას, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია", - აღნიშნეს IDF-ში.
განცხადების თანახმად, შენობაში, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ, ისრაელელი მძევლების ყოფნის კვალი არ იკვეთებოდა.
ანონიმურმა მაღალჩინოსანმა ისრაელურ ტელეარხს განუცხადა, რომ სინვარი მოკლულია. Channel 12-ის ინფორმაციით, მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ჰამასის ლიდერი ლიკვიდირებულია.
სინვარი ჰამასის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება და ისრაელი მიიჩნევს, რომ სწორედ ის იყო 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის "ორგანიზატორი".
ჰამასის თავდასხმის შემდეგ სინვარი საჯაროდ აღარ გამოჩენილა და, როგორც მიიჩნევენ, იგი ღაზას ქვეშ გვირაბების უზარმაზარ ქსელში იმალებოდა.
ისრაელის სამხედრო რადიოს ინფორმაციით, ქალაქ რაფაჰში მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაციის დროს ჰამასის სამი მებრძოლი მოკლეს და მათი ცხედრები წამოიღეს. ვიზუალური დაკვირვებით, ერთ-ერთი მოკლული სინვარი იყო. ჰამასის ლიდერის მკვლელობის დასადასტურებლად გაკეთდა DNA ანალიზი.
სინვარმა გარკვეული პერიოდი ისრაელის ციხეში გაატარა. სწორედ აქედან გამომდინარე აქვს ისრაელს მისი დნმ ნიმუშები.
იაჰია სინვარი ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად ივლისში მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა ლიდერი ისმაილ ჰანიე ისრაელმა მოკლა.
1988 წელს სინვარი ორი ისრაელელი სამხედროსა და ისრაელთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ოთხი პალესტინელის მკვლელობისთვის გაასამართლეს. სინვარმა ისრაელის ციხეში 20 წელზე მეტი გაატარა.
2015 წლიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ის გლობალურ ტერორისტად გამოაცხადა.
იაჰია სინვარი 1962 წელს ღაზაში, ხან იუნის ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. ათობით წლით ადრე 1948/49 წლის ომის შედეგად, ნაკბას დროს, მისი ოჯახი ალ მაჯდალის სოფლიდან გაიქცა. იაჰია სინვარი პალესტინურ დაჯგუფებას 1980-იან წლებში შეუერთდა და ჰამასის სამხედრო ფრთხის მხარდაჭერაზე იყო პასუხისმგებელი.