ისრაელის თავდაცვის ძალებმა 16 ივნისს ღაზის სექტორში სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმები დაჯგუფება ჰამასის მიერ სამხრეთ ისრაელში გაჩენილი ხანძრების საპასუხო ნაბიჯია.
დაჯგუფება ჰამასთან აფილირებულმა მედიაგამოცემებმა თავდასხმიდან რამდენიმე წუთის შემდგომ დაადასტურეს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორის არცერთი მცხოვრები არ დაშავებულა.
სოციალურ ქსელებში პალესტინელი ჟურნალისტები სარაკეტო თავდასხმის ამსახველ ვიდეომასალებს ავრცელებენ.
"სამიზნე შენობებში ტერორისტები საქმიანობდნენ", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო და განმარტავს, რომ ობიექტები ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის მხრიდან ხანძარგამჩენი ბუშტებით განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ დაიბომბა.
"ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის, სამხედრო კონფლიქტის განახლებისთვის, ღაზის სექტორიდან განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ", - აცხადებს სამინისტრო.
ისრაელსა და ჰამასს შორის 21 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების შემდეგ მხარეებს შორის სამხედრო კონფლიქტი პირველად გაღვივდა - ეგვიპტური მხარის მედიაციით შეთანხმებული მშვიდობა თითქმის 1 თვის შემდეგ კვლავ საფრთხის წინაშე დგას.