ისრაელის მმართველი კოალიციის ლიდერებმა, ნაფტალი ბენეტმა და იაირ ლაპიდმა პარლამენტის დაშლა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე არჩევნები იქნება. ყოფილი პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს.
"დღეს თქვენ წინაშე რთულ მომენტში ვდგავართ, მაგრამ გვესმის, რომ ისრაელისთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ", - თქვა ბენეტმა.
პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდი აცხადებენ, რომ პარლამენტის დაშლისა და ახალი არჩევნების კენჭისყრას ქნესეთში მომავალ კვირას ჩაატარებენ. თუ ეს გადაწყვეტილება გავა, ახალ არჩევნებამდე პრემიერის პოსტს იაირ ლაპიდი დაიკავებს.
კოალიციის დაშლის შესახებ საუბრებირამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. რვაპარტიული კოალიცია ვერ შეთანხმდა პრინციპულ საკითხზე - გახანგრძლივდეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ებრაული დასახლებები დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ ისრაელის და არა პალესტინის ხელისუფლების კანონებით. დოკუმენტის გახანგრძლივებას მხარს არ უჭერდნენ კოალიციაში შემავალი არაბი დეპუტატები, ხოლო ნაფტალი ბენეტისთვისა და სხვა დეპუტატებისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
გარდა ამისა, ქნესეთში უმრავლესობა დატოვა ბენეტის პარტიის წევრმა, რის გამოც მმართველ კოალიციას 120-დან 59 მანდატი დარჩა.
Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პარლამენტის დაშლის შესახებ მთავრობის ზოგიერთმა წევრმა, მათ შორის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა არ იცოდნენ.
რვა პარტიისგან შემდგარი საკმაოდ ჭრელი კოალიცია მხოლოდ ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა. ალიანსში შემავალი პარტიების საერთო მიზანი იყო პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი პარტია ლიკუდის ხელისუფლებაში დაბრუნების თავიდან აცილება.
ნეთანიაჰუ, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, დარწმუნებულია, რომ მთავრობაში დაბრუნდება.