logo
ENG



ისრაელში ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტში 430 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა - მედია

30 აპრ 202316:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/30/6iuqs5z7xlew1vt.jpg
JACK GUEZ / AFP

ისრაელში სასამართლო რეფორმის კანონპროექტის გამო პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ მორიგი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.

მედიის ცნობით, მხოლოდ თელ-ავივში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა.

ასევე ათასობით ადამიანი გამოვიდა სხვა ქალაქებშიც- ჰაიფაში 30 000-მდე დემონსტრანტი, კფარ-საბას ქუჩებში 18 000 ადამიანი, ხოლო ნეთანიაში 16 000.

ჯამში ორგანიზატორების ცნობით, გუშინ საღამოს პროტესტში ქვეყნის მასშტაბით 430 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

მასობრივი პროტესტები ისრაელში უკვე თვეებია, მიმდინარეობს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მემარჯვენე რელიგიურმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის რეფორმა გადაწყვიტა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამ რეფორმას ძალაუფლების დანაწილების პრინციპის შესუსტებად ხედავენ. კრიტიკოსების თქმით, სასამართლოს ძალაუფლება ხელისუფლების ხელში გადავა და ისრაელში დემოკრატიას საფრთხე დაემუქრება.

რამდენიმე კვირის წინ ნეთანიაჰუმ მასობრივი კრიტიკის შემდეგ შეწყვიტა კანონპროექტზე მუშაობა, თუმცა განაცხადა, რომ მის საბოლოო მიზანი რეფორმის დანერგვაა.

დღეს, 30 აპრილს ისრაელის პარლამენტი სხდომებს განაახლებს და მოსახლეობა ელის, რომ ხელისუფლება სადავო რეფორმის მიღების პროცესს გააგრძელებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ კანონმდებლობა ამჟამინდელი ფორმით არაპოპულარულია და ისრაელის ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა არჩევნების შემდეგ მკვეთრად შემცირდა.

ისრაელის პარლამენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა. მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა, ისრაელში ხელისუფლებაში მოვიდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რელიგიური და მემარჯვენე კაბინეტი.

 

close დახურვა