ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ტვიტერზე წერს, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში ღირსეულად მოეპყრობიან.
რასა იუკნევიჩიანეს თქმით, ქართულმა ოცნებამ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა.
"[საქართველოს] მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სამოქალაქო საავადმყოფოში ღირსეულად მოეპყრობიან. მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექიმთა კონსილიუმის მიერ. ქართული ოცნება უნდა ეცადოს მიაღწიოს შეთანხმებას, რომ [მიხეილ სააკაშვილის] შიმშილობა აღარ გაგრძელდეს." - წერს რასა იუკნევიჩიანე.
Government bears responsibility that frmr President M. Saakashvili is treated with dignity & in civilian hospital. His condition must be assesed by independent intl consilium of medics! @GeorgianDream41 must seek agreement for discontinuation of hunger strike!@SaakashviliM
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.