logo
ENG



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებს ნინო ქადაგიძე უპასუხებს

04 ნოე 201908:34
3 წუთის საკითხავი
 
b5xqi84mil8pazu.png

დღეიდან პარლამენტში მოსამართლეების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ  საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებს ამჯერად ნინო ქადაგიძე უპასუხებს. ქადაგიძე  2002-დან 2012 წლამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, 2013 წლიდან კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატის მოსამართლეა. აღსანიშნავია, რომ ქადაგიძე მიხეილ ჩინჩალაძესთან, პაატა სილაგაძესა და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პირველად შედგენილ ათკაციან სიაშიც შედიოდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ქადაგიძეს უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, როდესაც ადამიანს, არ აქვს პროტესტი დღევანდელ სასამართლო სისტემასთან, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დადებით კანდიდატად ვერ შეფასდება.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩრდილი მიაყენა თავისი საქმიანობით სასამართლო სისტემას. როდესაც ადამიანი არ საუბრობს ღიად, როდესაც ამაზე არანაირ მოსაზრებას ადამიანი არ აფიქსირებს და პროტესტი აქვს, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ცხადია რომ ჩემთვის არის მნიშვნელოვნად გადამწყვეტი კრიტერიუმი იმისთვის, რომ შევაფასო უარყოფითად ეს ადამიანი“,-განაცხადა ჯანეზაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სასამართლოში არაფორმალური მმართველობის მათზე დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებენ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 10-15 მოსამართლეს გაიყვანენ საჩვენებლად 5-ს ჩააგდებენ, მაგრამ ამ 15-ში იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც შეასრულებენ არაფორმალური მმართველობის თავიანთ ფუნქციებს სასამართლო სისტემაში“,-განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტში მოსამართლეობის მოსმენის საკითხს აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ კონკრეტულმა დეპუტატებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დაუჭერენ თუ არა ქადაგიძეს მხარს. 

„ძირითადი კითხვები არის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან. რა თქმა უნდა მოსმენილი იქნება მის კარიერულ წარსულში თუკი რამე კითხვაა იქ პასუხები უნდა იქნას გაცემული და ამ გაცემული პასუხების შემდეგ იქნება უკვე გადაწყვეტილება კონკრეტული დეპუტატის, დაუჭერენ მას მხარს, თუ არ დაუჭერენ“, -  განაცხადა ხუნდაძემ.

 


close დახურვა