იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ალმას საკანონმდებლო წინადადების იდეას. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, "საარჩევნო კოდექსში" ან/და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეზღუდავს/აკრძალავს თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საარჩევნო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში სიძულვილის ენის შემცველი, საზოგადოების პოლარიზაციისა და აგრესიის გამომწვევი, არაეთიკური, არაკეთილსინდისიერი და სხვა პირებისა და პირთა ჯგუფებისადმი შეურაცხმყოფელი რეკლამის განთავსებას.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო წინადადებას იმ დათქმით, რომ, თუ რა ტიპის საკანონმდებლო რეგულაცია შემუშავდება, ამას კომიტეტი განსაზღვრავს.
"ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ საკითხზე მსჯელობისას. აღნიშნული საკითხი მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც, ეს მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
კომპანია ალმამ საკანონმდებლო წინადადების მიმართა პარლამენტს, რომ სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი ბილბორდები კანონით აიკრძალოს. წინასაარჩევნოდ სიძულვილის შემცველი ბანერები სწორედ ალმას ბილბორდებზე გამოჩნდა, რის გამოც კრიტიკის ობიექტი გახდა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონმდებლობით სიძულვილის ენის რეგულირება საფრთხის შემცველია, რადგან ხელისუფლებას ექნება ბერკეტი ჩაერიოს რეკლამის შინაარსში.