logo
ENG



იუსტიციის საბჭო უზენაესის მოსამართლეების შერჩევისას კითხვების შინაარსს გააკონტროლებს

02 დეკ 202015:41
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/h3ezn78q1ne1dq5.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, უზენაესი სასამართლოს 10 ახალი მოსამართლის დანიშვნის პროცესისთის შეზღუდვები ამოქმედდა. 

კერძოდ, მედიას არ ექნება გასაუბრების გადაღების პროცესი, ასევე, არ იქნება პირდაპირი ტრანსლაცია, პროცესი, რომელიც ამ დრომდე საჯარო იყო, დახურული ხდება. 

შემცირდება გასაუბრების დრო - "კანდიდატს კითხვებით მიმართავენ მხოლოდ საბჭოს წევრები. საბჭოს წევრს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისათვის გამოეყოფა დრო - 30 წუთი. საბჭოს წევრის მიერ კანდიდატთან გასაუბრების დროის გაგრძელება დასაშვებია, საბჭოს წევრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი დროის ნახევრისა - 15 წუთისა". 

გაკონტროლდება საბჭოს წევრების მიერ კანდიდატებისთვის დასმული კითხვების შინაარსი. 

კერძოდ, დადგენილებაში წერია, რომ "საბჭოს წევრის მიერ კითხვის დასმის ამ მუხლის მე-10-მე-12 პუნქტებით განსაზღვრული წესის დარღვევის შემთხვევაში, საბჭოს სხვა წევრს უფლება აქვს გამოთქვას პროტესტი. პროტესტის საფუძვლიანობის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია შეკითხვის ინიციატორ წევრს მისცეს შენიშვნა. წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საბჭოს წევრის მიერ დასმული კითხვის განრიდების თაობაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ დადგენილება მის აქტიურობას და პროცესის მიმართ კრიტიკულ განწყობას უკავშირდება. 

2019 წლის ზაფხულში, როცა საბჭომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 48 კანდიდატი გამოკითხა, ყველაზე მეტი კითხვა - ჯამში 1384 ნაზი ჯანეზაშვილმა დასვა. 

"პროექტის მთავარი იდეა ისაა, რომ „კლანის“ფავორიტებისთვის, განსაკუთრებით მოსამართლე გვრიტიშვილისთვის, რომელიც მორიგ ჯერზე არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გასაუბრების პროცესი იყოს მაქსიმალურად კომფორტული.

პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ​შემზღუდონ პირადად მე, რომ ვერ დავსვა კითხვები იმ რაოდენობით და იმ შინაარსით, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში უნდა დამეხმაროს.

მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, რომელიც უვადოდ უნდა აირჩოს პარლამენტმა კითხვა-პასუხისთვის სულ მექნება 30 წუთი. დროს იმ შემთხვევაში გამიგრძელებენ 15 წუთით, თუ ე.წ. „კლანი“ ჩემს მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს. ​ყველაზე მეტად საბჭოს წევრები იმ კითხვებზე ბრაზდებოდნენ, რომელიც ჩინჩალაძეს და "კლანს“ ეხებოდა ხოლმე". - ამბობს ჯანეზაშვილი. 

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის 10 ვაკანტური თანამდებობაა. მათგან 9 ვაკანსიაზე უკვე დასრულებულია საბუთების შეტანა, 1 ვაკანსიაზე კი კვლავ მიმდინარეობს. 

სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე, შერჩევის პროცესს ეუთო/ოდირი დააკვირდება


close დახურვა