logo
ENG



იუსტიციის საბჭოს წევრები ჯერ კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ - ეკა ბესელია

05 ნოე 201912:35
3 წუთის საკითხავი
 
4eewav01v03i1oa.jpg

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლ წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით ამის უფლება არ აქვს.

როგორც ბესელია აცხადებს, პრეზიდენტის უფლებამოსილებას ვერაფერი ვერ დაემატება ისეთი, რაც კონსტიტუციაში არ წერია.

„თავის უფლებამოსილებაში არ უწერია პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატის უკან გამოწვევა. კანონში რომ ეს წერია, არ ნიშნავს იმას, რომ მას კონსტიტუციით ამის უფლება აქვს. ეს არის წინააღმდეგობრივი ნორმა, რაც არის კანონით და იუსტიციის საბჭოს წევრები ჯერ კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ, რადგან ის არის ქვეყნის ძირითადი კანონი და იქედან უნდა გამომდინარეობდნენ სხვა კანონები. ამიტომ ვერაფერი ვერ დაემატება იმ უფლებამოსილებას, რაც კონსტიტუციაში ჩაწერილი არ არის“, - აცხადებს ეკა ბესელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოდის საქართველოს ორგანულ კანონთან საერთო სასამართლოების შესახებ, თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს.

„მე შემიძლია შევაფასო ეს მოთხოვნა არის თუ არა კანონით უზრუნველყოფილი. ეს მოდის შესაბამისობაში საქართველოს ორგანულ კანონთან საერთო სასამართლოების შესახებ. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, როგორი იქნება, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, პრეზიდენტმა თავად უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - აცხადებს იონათამაშვილი.

უმრავლესობის წევრი გურამ მაჭავარიანი კი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავის მხრივ ერთი წევრის წარდგენის და მისი გამოწვევის უფლება.

„ზუსტად კონსტიტუციიდან გამომდინარეობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავის მხრივ ერთი წევრის წარდგენის და მისი გამოწვევის უფლება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.  

 


close დახურვა