logo
ENG



იუსტიციის საბჭოს წევრის ცოლისძმა უზენაესი სასამართლოში მოხვედრას მეორეჯერ ეცდება

27 ნოე 201910:20
3 წუთის საკითხავი
 
r51whrsups123a8.jpg

ამ წუთებში იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესარჩევი პირის გასაუბრება იწყება. საბჭოს წევრები მოსამართლეობის ორ კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმის, ლევან თევზაძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ. 

სხდომის დაწყების წინ ლევან თევზაძემ განცხადების გაკეთება არ ისურვა. სამაგიეროდ, ჟურნალისტებთან განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა და თევზაძე ინტერესთა კონფლიქტის გამო გააკრიტიკა. ჯანეზაშვილის თქმით, ე.წ. კლანი თევზაძის კანდიდატურას გაიყვანს.

„თევზაძის შემთხვევა გარდა იმისა, რომ წარმოაჩენს სისტემაში ე.წ. კლანის არსებობას, ამავდროულად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მასზე დიდი ფსონია დადებული და მეორე ჯერზე აუცილებლად ეცდებიან მის გაყვანას. მგონია, რომ მის მიერ დაწერილი განცხადება არ იყო თევზაძის პირადი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს დასაკომპლექტებლად კონკურსი უკვე მეორედ გამოცხადდა, რადგანაც არსებული 20 ვაკანტური ადგილის გარდა, რომლის შესავსებად პროცედურები პარლამენტში მიმდინარეობს, კიდევ ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა. თევზაძე პირველ კონკურშიც მონაწილეობდა, მაგრამ პირადი განცხადების საფუძველზე გასაუბრებიდან მოიხსნა. თუმცა, ახლა როდესაც 1 ადგილი კვლავ ვაკანტური გახდა, იუსტიციის საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმამ, კვლავ გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობა.

 


close დახურვა