იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი მოსახლეობას უწყების ფილიალებში განსაკუთრებული საჭიროების გარეშე მისვლისგან, თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. უწყების ხელმძღვანელი მოსახლეობას სთხოვს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით, ფილიალში კი თანმხლები პირების გარეშე მივიდნენ. იუსტიციის სახლი იმ სერვისების ჩამონათვალს გამოაქვეყნებს, რომლით სარგებლობაც ელექტრონულად არის შესაძლებელი
"გადაუდებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავეთ საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზიტებისგან. გარდა ისეთი შემთხვევებისა, მაგალითად, როცა გჭირდებათ გარდაცვალების მოწმობა, როცა ეს საჭიროა დაკრძალვის პროცედურისთვის, ან ბავშვის დაბადების მოწმობა სამშობიაროდან გამოყვანისთვის. ასევე, არსებობს ისეთი შემთხვევა როცა მიმდინარეობს საქმის წარმოება საჯარო რეესტრში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, დადგენილია ხარვეზი და მოქალაქეს ევალება კონკრეტულ ვადამდე საბუთის წარმოდგენა, ისიც მაშინ თუ ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენა ელექტრონულად შეუძლებელია",-აღნიშნა სოსო გიორგაძემ.