logo
ENG



იქნება თუ არა სააკაშვილი ენმ-ის პრემიერობის კანდიდატი - რას ამბობენ პარტიაში

07 აგვ 202013:42
3 წუთის საკითხავი
 
ihx8nng1kyltve2.jpg

"არ არის არანაირი წინააღმდეგობა, თვითონ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ასევე გადაწყვეტილებები", - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიამ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენა გადაწყვიტა.

როგორც ბარამიძემ "ფორმულას" განუცხადა, "პოზიციები გამოკვეთილია" და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს:

"გუშინ გვქონდა პოლიტიკური საბჭოს შეკრება. პოზიციები არის გამოკვეთილი. არ არის არანაირი წინააღმდეგობა. მაგრამ თვითონ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მიიღოს ასევე გადაწყვეტილებები. რაღაც სხვა საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი და ცოტა მოგვიანებით, ალბათ ამ თვის ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. რა ფორმით იქნება, ამაზე საზოგადოებას ვაცნობებთ", - განაცხადა გია ბარამიძემ. 

კითხვაზე, იქნება თუ არა მესამე პრეზიდენტი ენმ-ის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, პარტიის კიდევ ერთი წევრი რომან გოცირიძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ. 

"ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ მოგვიანებით, როცა საბოლოოდ დავამტკიცებთ მაჟორიტარ კანდიდატებს. სავარაუდოდ, 20 რიცხვის ფარგლებში", - ამბობს გოცირიძე "ფორმულასთან" საუბარში. 

ცნობისთვის, "ტაბულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება. 

6 აგვისტოს გამართული პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ პარტიის წევრებმა თქვეს, რომ იმსჯელეს, საჭიროა თუ არა ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელება. დეტალებზე ისინი ჯერ არ საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს. პირს არ აქვს პოსტის დაკავების უფლება, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეა ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 

რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობას და პრემიერს დანიშნავს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნება რაც იქნება, ყველა დავემორჩილებით". 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ენმ რეგიონების 22-ივე ოლქში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატურების დაყენებას აპირებს. მას შემდეგ, რაც პარტიის პოზიცია ცნობილი გახდა, რეგიონებში საკუთარი კანდიდატები დაასახელა ევროპულმა საქართველომაც. ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ძალაში რჩება თბილისის 6 ოლქში.


close დახურვა