ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქცირებულთა სიას აფართოებს. სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში სიაში მოხვდა იანდექსის დამფუძნებელი არკადი ვოლოჟა.
სიაშია ყოფილი სპორტსმენი ალინა კაბაევა, რომელიც მრავალი წელია რუსეთის პრეზიდენტის პარტნიორია. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ არიან კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის შვილი ელიზავეტა პესკოვა და მისი ცოლი ტატიანა ნავკა და ხერსონის ოლქში მოსკოვის მიერ დასმული მმართველი კირილ სტრემოუსოვი.
ჯამში სანქცირებულთა სიაში დაემატა 60 ფიზიკური პირი და 18 კომპანია, მათ შორის უაზი და კამაზი.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცა.
სანქციების ახალი პაკეტით ნაწილობრივ იკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი, ასევე, რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank, Credit Bank of Moscow და Russian Agricultural Bank საერთაშორისო პლატფორმა SWIFT-დან გაითიშებიან. რუსეთიდან ნედლი ნავთობის შესყიდვა, რომელიც წევრ ქვეყნებს ზღვით მიეწოდებათ, 6 თვეში, ხოლო გადამუშავებული ნავთობპროდუქტების იმპორტი 8 თვეში აიკრძალება.
პაკეტი ასევე მოიცავს მესამე ქვეყნებში ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებული დაზღვევის აკრძალვას, რომელიც ძალაში შევა ზომების ოფიციალური მიღებიდან 6 თვის შემდეგ და მიზნად ისახავს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვას.