logo
ENG



კადიროვი გაბუნიას ემუქრება - საქართველოს ხელისუფლება კი დუმს

17 ივნ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი ტელეწამყვანის ხმაურიანი ეთერიდან ერთი წლის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერი ისევ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ემუქრება. ჭკუაზე მოსვლის და მუხლებზე დამდგარი ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს კადიროვი ტელეწამყვანს და ამბობს, რომ თუ ვინმე მისი მითითებით მოქმედებს, ასრულებს კიდეც. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, - პუტინი და კადიროვი კი მკვლელები, - სამოქალაქო სექტორისთვის ნათელია, რომ მომხდარი რუსული სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილი დესტაბილიზაციის გეგმაა. 

კადიროვის მსგავსად კი ბრალდებები ჟურნალისტის მკვლელობის დაკვეთის შესახებ პუტინის პრესსპიკერმაც უარყო. საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქის დაცვაზე პასუხისმგებლობის აღებისგან მოუწოდებენ სამოქალაქო და პოლიტიკური წრეებიდან. დეტალების გასაჯაროებისა და გამჭვირვალობის სანაცვლოდ კი სუს-ი მედიას დუმილს ურჩევს.

ძალოვან უწყებაში დღეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაიბარეს, მაგრამ არ გამოცხადდა. გვარამია ითხოვს, რომ დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით შედგეს. სავარაუდოდ, დაკითხვა ხვალ დღის ბოლოს უნდა მოხდეს.

ანალიტიკოსების ნაწილი ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნება, რომ შეცდომას უშვებს. ოფიციალური თბილისის  პასიურობა და გულგრილობა, რამზან კადიროვის მუქარის შემცველი მორიგი განცხადების შემდეგ, მათთვის კიდევ უფრო გაუგებარი გახდა. მათთვის ცხადია, რომ აგრესორის სამიზნე საქართველოს ერთი კონკრეტული მოქალაქე არ არის, ამიტომ მთავრობას ურჩევენ, პასუხისმგებლობა აიღოს  და სუვერენული ღირებულებები დაიცვას. 

17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქმესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა - ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საგანგაშო ტენდენციად იქცა რუსეთის ხელისუფლების გააქტიურება ანტირუსული განწყობებით ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ, მათ გასაჩუმებლად. ისინი საგამოძიებო უწყებებს, გაბუნიას საქმის გამჭვირვალე და დროული გამოძიებისკენ, პარლამენტს კი ამ საქმეზე საპარლამენტო მოსმენების დაგეგმისკენ მოუწოდებენ. 

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ხელისუფლებას ურჩევს, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. და აგრესორები, რომლებიც  ცივილიზებული სამყაროს პრინციპებს არ აღიარებენ,   საერთაშორისო დონეზე ამხილოს. და არ იქცეს მათი მთავარი მიზნის - ადამიანების დაშინების და დევნის ხელშემწყობად. 

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც სავარაუდოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებისთვის არის დაკავებული, საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა.

მისი თქმით, ბოკოვი გვარებს შორის დაპირისპირების საკითხთან დაკავშირებით პანკისშიც იმყოფებოდა. მაჩალიკაშვილი ეჭვობს, რომ შესაძლოა, დაკავებულს სახელმწიფო უწყებებში დასაყრდენი ჰყავდეს.

ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმილის დარღვევას ჯერ არ აპირებს. დღის ბოლოს გავრცელებული განცხადებით, უწყებამ საზოგადოებას მოუწოდა, ამ საქმის შესახებ საჯარო მსჯელობისგან თავი შეიკავონ და არწმუნებს, რომ ჭეშმარიტების დასადგენად, აქტიურად  მუშაობენ.

 

 


close დახურვა