ზოგიერთის გამონათქვამის საპირისპიროდ, „დეკადენტურ“ ევროპას ცივილიზაციური წაშლა არ ემუქრება. სინამდვილეში, ხალხს კვლავ სურს ჩვენს კლუბში გაწევრიანება. ამიტომ, მომლოდინეთა სია საკმაოდ გრძელია. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ მათ, ვინც საკმაოდ დიდი ხანია ელოდება, კიდევ უფრო დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ.
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არსებობს ევროპული აქტივობის აღდგენის სასწრაფო აუცილებლობა. პირველი პრიორიტეტი ევროპის თავდაცვაა და ეს უკრაინიდან იწყება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი დონბასი არ არის. უკრაინის გარეთაც, რუსეთი უკვე ცდილობს ჩვენი ეკონომიკისთვის ძირის გამოთხრას კიბერშეტევების, თანამგზავრების წყობიდან გამოყვანის, წყალქვეშა კაბელების საბოტაჟის, დეზინფორმაციის საშუალებით. ალიანსების გაწყვეტის და ნავთობისა და გაზის იარაღად გამოყენებით ქვეყნების დაშინების გზით და რა თქმა უნდა, არსებობს ბირთვული საფრთხეც, მაგრამ მოდით, რუსეთთან დაკავშირებით გონივრულად ვიმსჯელოთ . რუსეთი არ არის სუპერსახელმწიფო. ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ, მათ შორის უკრაინაში ოთხწლიანი სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, რუსეთი ძლივს გასცდა 2014 წლის გამყოფ ხაზებს. მილიონ ორასი ათასზე მეტი მსხვერპლის ფასად. სინამდვილეში, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც რუსეთი ახლა წარმოადგენს, არის ის, რომ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მეტს იღებს, ვიდრე ბრძოლის ველზე მიაღწია.
ჩვენი მეორე პრიორიტეტი სტაბილურობაა ევროპულ სამეზობლოში - აღმოსავლეთსა და სამხრეთში. სწორედ აქ აქვს ევროპას ყველაზე მეტი ძალა. ჩვენი პრიორიტეტი აქ გაფართოებაა, რომელიც რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია. 1990 წლიდან სახელმწიფოები, რომლებიც საბჭოთა ბატონობისგან გათავისუფლდნენ და ევროკავშირში გაწევრიანდნენ, ორჯერ უფრო სწრაფად გაიზარდნენ, ვიდრე რუსეთი. დღეს გაფართოება გეოპოლიტიკური არჩევანია და ჩვენ უნდა ვთქვათ „დიახ“. ევროპის გზა ნათელია: დავიცვათ ევროპა, დავიცვათ ჩვენი სამეზობლო და ავაშენოთ პარტნიორობა მთელ მსოფლიოში
