საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ევროსკოპის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უნგრეთში არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხის დღის წესრიგში დაბრუნება და ამ მიმართულებით წინსვლა, კალასმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს უნგრეთის მთავრობის სახელით, თუმცა მისი(მთავრობის) ფორმირების შემდეგ ამ საკითხებზე დიალოგი გაახლდება.
კალასის თქმით, ბევრი საკითხი, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში იყო დაბლოკილი, ახლა ხელახლა იხსნება განხილვისთვის და არსებობს მოლოდინი, რომ პროცესს დადებითი შედეგი მოჰყვება.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ევროკავშირში აქამდე სწორედ უნგრეთი ბლოკავდა. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეც კი დადგა.
კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი "მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას".
"როგორც ვთქვი, დღეს უმეტესად სომხეთსა და აზერბაიჯანს განვიხილავთ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გზა, რომელსაც ისინი ირჩევენ - ოპოზიციის რეპრესია, მედიის შეზღუდვა, ყველა ის კანონი, რომელიც მიღებულია - ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ საჭიროა, რეალურად ვიხილოთ გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით" - თქვა კალასმა
