logo
ENG



კალაძე: გადაცდომის და კორუფციის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

27 იან 202112:31
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: გადაცდომის და კორუფციის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა.

თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებას გამოეხმაურა და ამას "ძალიან ცუდი ფაქტი" უწოდა. 

"მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ“, - თქვა კახა კალაძემ. 

ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე სუს-მა 25 იანვარს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავა. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ.

სუს-ში აცხადებენ, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე, შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად, დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მცხოვრებთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). 


close დახურვა