logo
ENG



კალაძე: გახარიასთან შეხვედრა გუშინ დილით მოხდა, შეხვედრის მიზეზი და მიზანი ვერ გავიგე

02 სექ 202114:03
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მერიაში გუშინ, პირველ სექტემბერს შეხვდა. როგორც იგი ჟურნალისტებთან ამბობს, გახარიამ მას პირადად დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა. კალაძე უარყოფს, რომ მანამდე მათ შორის რაიმე კომუნიკაცია არსებობდა. 

"მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. მაშინ ვუთხარი, მერიაში ვარ, მოდი მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. [...] სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ეს იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიით გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი, დანარჩენი, გულწრფელად გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე", - ამბობს კალაძე.

ამასთან, მან უარყო, რომ გახარიასთან რაიმე ფინანსურ საკითხზე ჰქონდა საუბარი და ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. 

ინფორმაცია კალაძისა და გახარიას შეხვედრის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ამას თბილისის მერი უარყოფა და ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია "სისულელეა". შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ გუშინ დადასტურდა. 

1-ელ სექტემბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გახარიას ქართულ ოცნებასთან ფინანსური გარიგების მცდელობა ჰქონდა. როგორც მან აღნიშნა, გახარია ოცნების გუნდისგან ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა. 

ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან ეს ინფორმაციაც უარყო და თქვა, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

ამავე დროს, გახარიას გუნდის წევრმა, ლევან დოლიძემ ფორმულას ეთერში გიორგი გახარიას და კალაძის შეხვედრა დაადასტურა. სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში მან თქვა, რომ ყოფილმა პრემიერმა მოქმედი მერი საქმის კურსში ჩააყენა და შეხვედრაზე უთხრა, რომ თბილისის მერობაზე თავის კანდიდატურას აყენებდა.

 


close დახურვა