თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე კვლავ არ იცვლის რიტორიკას და ამტკიცებს, რომ გუშინ ფორმულას ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა.
კალაძეს ჰკითხეს, იაზრებს თუ არა, რომ გუშინ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან ასე უპასუხა:
"დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე, პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ და თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იმას, ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა, უწოდო უტიფარი. მგონი, ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ. ნუ გექნებათ ილუზია, რომ ადამიანს როცა შეურაცხყოფას მიმაყენებთ (მერე რა, შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს) მაგრამ, არ გაქვთ უფლება, ელემენტარული ურთიერთობიდან გამომდინარე, ადგეთ და შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე ან სხვა კონკრეტულ პოლიტიკოსს"- თქვა მან.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, აქვს თუ არა პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება, კალაძემ ამტკიცა, რომ მას შეურაცხყოფა "არასდროს არავისთვის მიუყენებია".
"ანუ შეურაცხყოფა მომაყენოთ და მე თავი დაგიხაროთ? როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ უტიფრად იტყუები, მე თქვენ არ გაკადრებთ ეგეთ რაღაცას. შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს მე და თქვენ. რამდენჯერ ყოფილა, ტვ პირველთან შევსულვარ პოლემიკაში, ხომ? მაგრამ არასდროს გვიკადრებია ერთმანეთისთვის მსგავსი ტიპის შეურაცხყოფები, მე არასდროს არავისთვის მიკადრებია თავს დავსხმოდე, შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. ყოველთვის ვარ თავდაცვის რეჟიმში, თუ იქნება ჩემ მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ"- თქვა მან.
თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2 მაისს ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძე ირწმუნებოდა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო გუშინდელ აქციაზე პოლიციის მხრიდან "არც ერთი რეზინის ტყვია არ ყოფილა გამოყენებული", რაზეც ფორმულას ჟურნალისტმა ჰკითხა: "არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?".
ამის პასუხად კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და "თავხედი ნაძირალა" უწოდა.
კალაძემ შეურაცხყოფის შემდეგ კომენტარის გაკეთება აღარ გააგრძელა, ადგილის დატოვების დროს, როდესაც მიკფორონთან ახლოს არ იყო, ფორმულას ჟურნალისტს "*ლექალა" უწოდა და ტერიტორია დატოვა.