logo
ENG



კალაძე: ლიფტები თქვენი საკუთრებაა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი რეაბილიტაცია, მოწესრიგება

18 იან 202312:03
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ლიფტის და სადარბაზო კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ადამიანების საკუთრებაა და მის მოწესრიგებაზეც პასუხისმგებელნი ისინი არიან.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძე რამდენიმე დღის წინ ლიფტის შახტში ჩავარდნილი ორი ადამიანის დაღუპვას გამოეხმაურა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები მერიის დადანაშაულებას ცდილობდნენ.

"არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ. კერძოდ, ამხანაგობა ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი რეაბილიტაცია, მოწესრიგება, განახლება", - თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, მერია ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და არსებობს გარკვეული პროგრამები, მათ შორის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიმართულებით.

"პროგრამები, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას იმისათვის, რომ თქვენს საცხოვრებელ კორპუსებში ჩვენი თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტები. პრიორიტეტებს განსაზღვრავთ თქვენ, კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ადამიანი, თქვენი ამხანაგობის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით", - განაცხადა მერმა სხდომაზე.


close დახურვა