logo
ENG



კალაძე: პირობას ვდებ, დაჯარიმებულ გულშემატკივარს პრობლემა არ შეექმნება

13 ნოე 202016:21
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: პირობას ვდებ, დაჯარიმებულ გულშემატკივარს პრობლემა არ შეექმნება

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება საქართველო - ჩრდ. მაკედონიის მატჩის შემდეგ მოქალაქის ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმებას და აცხადებს, რომ მას "პრობლემა არ შეექმნება". კახა კალაძემ ეს მას შემდეგ განმარტა, რაც მისი და ირაკლი კობახიძის მატჩზე დასწრებამ, საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

"გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს. გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას", - წერს კალაძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, პოლიციამ დააჯარიმა.

გიორგი ფილაურს სამართალდამცველებმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს.

ფილაური პოლიციის ქმედებას უსამართლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ არ უნდა დაეჯარიმებინათ, რადგან ნაკრებმა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს გულშემატიკვრები "დინამო არენასთან" განთავსებულ მონიტორზე უყურებდნენ და ნაკრებს ამ ფორმით გულშემატკივრობდნენ.

საქართველო ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.


close დახურვა