logo
ENG



კალაძე: საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა პანდემიამდე გადავწყვიტეთ, თუმცა გეგმები შეიცვალა

11 აგვ 202111:49
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა პანდემიამდე გადავწყვიტეთ, თუმცა გეგმები შეიცვალა

თბილისის მერი კახა კალაძე საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე მიიღო, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, "გეგმები შეიცვალა". 

კალაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ "კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს", 2022 წლის იანვრიდან ანაზღაურების გაზრდა შესაძლებელი იქნება.

"არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები. რადიკალურად შეიცვალა იმ პროექტების განხორციელების პროგრამა, რომელიც გაცხადებული გვქონდა, იმიტომ, რომ მთავარი პრიორიტეტი გახდა სხვა მიმართულებები.

იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, მომავალი წლიდან, როგორც პრემიერისგან მოვისმინეთ, შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება. ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორის განაკვეთებს, ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი უნდა ჰქონდეს და არ უნდა მოხდეს ისე, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, როდესაც საერთოდ ხელფასების გადახედვა არ მომხდარა", - თქვა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში ხელფასების გაზრდა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად დაბალი ანაზღაურების გამო კვალიფიციური კადრები კერძო სექტორში მიდიან.

"საჯარო სექტორიდან ხშირად კვალიფიციური, ძლიერი კადრები გაედინება კერძო სექტორში, რადგან არსებული ხელფასები ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავუახლოვოთ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ხელფასები კერძო სექტორს. მინდა დავავალო მოადგილეებს, დაიწყონ მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა იანვრიდან შევძლოთ ხელფასების მატება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 9 აგვიტოს, პრემიერმა თქვა, რომ 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. როგორც მან აღნიშნა, მერების შემთხვევაში ანაზღაურების გაორმაგებაა დაგეგმილი.


close დახურვა