თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა ყოფილ იპოდრომთან მდებარე კორტების ტერიტორია დაიბრუნა. კერძოდ, ინვესტორთან მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა ადგილმონაცვლეობა.
კალაძის თქმით, კორტები პირველადი სახით აღდგება და იქ სპორტული კომპლექსი განთავსდება.
"ყოფილ იპოდრომთან მდებარე კორტების ტერიტორია 2009 წელს იქნა გასხვისებული, სადაც გარკვეული მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო საცხოვრებელი კორპუსების სახით. ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. განხორციელდა ინვესტორთან ადგილმონაცვლეობა. გვინდა კორტები აღვადგინოთ პირველადი სახით. ამ ტერიტორიაზე გვინდა დღეს აუქციონი გამოვაცხადოთ, რათა 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდეს. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოაწყოს 4 ღია საჩოგბურთო კორტი, ერთი საცურაო აუზი და ერთი სავარჯიშო დარბაზი", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა შეადგენს 5 775 000 ლარს.