„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ მედიასთან გუშინდელი მშვიდობიანი აქციის დაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. კალაძის თქმით, ქუჩის გადაკეტვა მაშინ როცა ადამიანების საკმარისი რაოდენობა არაა, არის კანონდარღვევა.
„ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლებას ვერ შეუზღუდავს ვერავინ, ჩვენ მოვიპოვეთ ეს 2012 წლის შემდეგ, ეს პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს, რამდენადაც განსხვავებული მოსაზრება და კრიტიკული მოსაზრება არ უნდა ჰქონდეთ, მათ აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე მშვიდობიანი გზით, იმ შემთხვევაში როცა არ არის ხალხის რაოდენობა და გზა არის გადაკეტილი ეს არის კანონდარღვევა, და მეორე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება ცდება კანონის ფარგლებს და ამას მოყვა შესაბამისი რეაგირება“,-განაცხადა კახი კალაძემ.
პარტიის გენერალური მდივნის თქმით, ადამიანებს სხვა პრობლემები უფრო აწუხებთ და ამიტომაც არ გამოდიან აქციებზე.
„გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა, არის დეპუტატების ნაწილი, ვინც ემხრობა პროპორციულ სისტემას, არის დეპუტატების ნაწილი, ვინც მომხრეა შერეული მაჟორიტარული სისტემის, არის დეპუტატების ნაწილი ვინც მომხრეა სრულიად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის, დღეს რატომ არის რომ ადამიანები არ გამოდიან აქციაზე, იმიტომ რომ სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის ვიდრე საარჩევნო სისტემა“,-განაცხადა კახი კალაძემ.