logo
ENG



კალაძე:თუ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ეს ქვეყნის იმიჯს აზარალებს

11 თებ 202008:15
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები არ განახლდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული საარჩევნო სისტემით ჩაივლის.

„თუ ისინი უარს იტყვიან და მოლაპარაკებებში არ ჩაერთვებიან, ეს პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯს აზარალებს და ცუდია ქვეყნის განვითარებისთვის. კარგი იქნებოდა, კონსესუსი მომხდარიყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ ეს მოლაპარაკებები ვერ მოხდება, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ფორმატს წყვეტს და სახალხო დაუმორჩილებლობის მზადებას იწყებს. 

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, თებერვალში უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.


close დახურვა