logo
ENG



კალაძე გვარამიაზე: არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია - თუ დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს

02 ნოე 202213:47
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე გვარამიაზე: არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია - თუ დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს

თბილისის მერი კახა კალაძე სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და ამბობს, რომ "საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ".

კალაძის თქმით, "არავის ციხეში წასვლა არ უხარია, თუმცა თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან უნდა აგოს პასუხი".

"ნიკა გვარამიას პროცესს არ ვაკვირდებოდი, ამიტომ გამიჭირდება დეტალებში შესვლა. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, საქართველოში საბედნიეროდ პოლიტპატიმრები არ არსებობენ. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულზე იხდიან სასჯელს.

გამიჭირდება დეტალებში შესვლა, არავის ციხეში ყოფნა და ციხეში წასვლა არ მიხარია და დარწმუნებული ვარ ასეა ყველა, ნებისმიერი ადამიანი, თუმცა თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან უნდა აგოს პასუხი", - ამბობს კალაძე.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამოაცხადა.

სასამართლომ გვარამია გარდა ავტომობილის ეპიზოდისა, დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

 


close დახურვა