თბილისის მერმა კახა კალაძემ 7 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის გააქტიურებასთან დაკავშირებით "კონკრეტული ადამიანები" ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და "თესავენ პანიკას". კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, არ დაუჯერონ არავის.
"ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, დათესონ პანიკა და ა.შ. მინდა მოგიწოდოთ, რომ არ დაუჯეროთ არავის.
ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ყოველდღიური გამოსვლებით ვცდილობთ, საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ფერდზე სადაც ათეული წლებია არსებობს ეს პრობლემა", - განმარტავს კალაძე.
თბილისის მერის მტკიცებით, მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის, თუმცა არსებობს ევაკუაციის გეგმაც და ადგილზე 24-საათიანი მონიტორინგი ხორციელდება.
"მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა.
ასევე, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშაქვებულია საევაკუაციო გეგმა. ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა, რაღაც თუ მოიხდება, ეს გეგმაც არსებობს. არანაირი ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. რაიმე საფრთხე თუ იქნებოდა, პირველები ჩვენ გადავდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს.
აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, რომ აუცილებელი იყო მოსახლეობის ევაკუაცია. ეს ყველაფერი მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა", - ამბობს კალაძე.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.
ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება.