ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი მასალები შესაბამის უწყებაში, გამოძიება რომ დაწყებულიყო. ჩვენ საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება! ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე! - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა, რითაც მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერიდან 41 105 298 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საქმეზე 4 პირის დაკავებასაც გამოეხმაურა.
„რაც შეეხება პროცედურას, გამჭვირვალედ იყო განხორციელებული ყველაფერი - გამოცხადებული ტენდერი, ცოტა განსხვავებული და სპეციფიკური საქმიანობაა. არსებული მეტროს ვაგონები არის რუსული წარმოშობის, საბჭოთა კავშირის დროინდელი. ის სარემონტო სამუშაოები, რომელიც ხორციელდებოდა, დეტალები რომლის შეძენა სჭირდებოდა ამ რეაბილიტაციას, მხოლოდ რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა აღნიშნულის ყიდვა და მოძიება.
თუ ვიღაც საბუთებს აყალბებდა საქართველოს გარეთ, მერიის თანამშრომელს როგორ ექნებოდა ინფორმაცია?! გამოძიება დაწყებულია, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი, მათ შორის, სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" დირექტორი - გელა ძიძიკაშვილი დააკავა.
