თბილისის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ დადგმული ნაძვის ხის ანთებაზე ეპატიჟება და აცხადებს, რომ მათ ადგილზე სრულად უსაფრთხო გარემო დახვდებათ, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.
ამასთან, კალაძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებას პროვოკაცია უწოდა. თბილისის მერი თვლის, რომ წარმოუდგენელია რომელიმე ჭკუათმყოფელს აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის.
"იქნება სადღესასწაულო განწყობა, ზეიმი, სრულად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და ვითარება სრულად კონტროლდება.
დღეს საღამოს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა "რაღაც უაზრო პროვოკაცია" პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ. ზოგადად, რა პროვოკაციაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, მან თავად უკეთ იცის, რადგან წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის.
მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას. მე ამაზე არასდროს მისაუბრია და ახლა თავს ვაძლევ უფლებას. სწორედ ქართული ოცნების ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, რომელიც სიძულვილით, ბოღმით ემსახურებოდა და ემსახურება არა საქართველოს, არამედ, უცხო ძალებს. მადლობა ღმერთს, 2025 წელს არა ის, არამედ, ახალი პრეზიდენტი მოულოცავს საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც ხვალ, 19:00 საათზე ნაძვის ხის ანთება დაგეგმა, პროვოკაციას აწყობს.
მისივე თქმით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება.
ამასთან, ზურაბიშვილმა კალაძეს საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა.