logo
ENG



კალაძე ჟურნალისტს: თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ

29 სექ 202111:32
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მთავარი არხის ჟურნალისტს კრიტიკული კითხვების პასუხად უთხრა, რომ "თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ".

ჟურნალისტმა მას საარჩევნო კამპანიის მრჩეველ მოშე კლუგჰაფტის გეგმის კონტექსტში ჰკითხა: "მედიაზე შეტევა ვნახეთ, 5 ივლისს სადამსჯელო ღონისძიება მოგვიწყვეთ, გახარიას კოკაინშიკი ნამდვილად უწოდეთ, რაც ეწერა [კლუგჰაფტის] სტრატეგიაში...".

კალაძემ მას კითხვა გააწყვეტინა და თქვა, რომ "კახა კალაძეს და ქართულ ოცნებას არავისთვის არაფერი მოუწყვია" და ჟურნალისტს მოუწოდა, "სიტყვები შეარჩიოს".

ამის შემდეგ ჟურნალისტმა დაამატა, რომ ევროკავშირის ოფისთან [5 ივლისს] რადიკალები მივიდნენ, კალაძემ კი ასე უპასუხა:

"თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ სიძულვილის, ბოროტების თავი და თავი. თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, აი, თქვენ ხართ ამის სახე".

ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.

ნეგატიური კამპანიის სასწრაფო წესით დაგეგმვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოცნებამ  შიდა კვლევით გაარკვია, რომ პარტიის მხარდაჭერა მხოლოდ 33%-ია.

სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო 2018 სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე მის ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერები იყვნენ გამოსახული, პარალელურად, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები.

მოახლოებული არჩევნების წინ, 17 სექტემბერს, ქუჩაში კვლავ გამოჩნდა მსგავსი შინაარსის სისხლიანი ბანერები. ოპოზიციის ლიდერებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად მათზე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული.

 


close დახურვა