დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში, აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სახლების დანგრევის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონება მიტაცებისგან და შემდეგ, მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან დაიცვას. კალაძის თქმით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას.
მერმა მთავრობის სხდომაზე თვალჭრელიძის ქუჩაზე, უკანონოდ მიტაცემული მიწების მოკვლევის შედეგებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ იქ მაცხოვრებელთაგან ბევრ მათგანს სხვადასხვა ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში, არაერთი საცხოვრებელი სახლი გააჩნია. კალაძის თქმით, ერთ-ერთი არის თბილისის მერიის თანამშრომელიც.
"18 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში ჩაატარა ბრიფინგი და ისაუბრა, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგეობების განთავსება მიმდინარეობდა. ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონება მიტაცებისგან და შემდეგ, მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან დავიცვათ. დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა ადამიანების გაჭირვებით გავამართლოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამას ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია", - აცხადებს კალაძე.
კალაძის თქმით, კონკრეტულ მედიასაშუალებებს საზოგადოებაში შეცდომაში შეჰყავს და არიან ოჯახები, ვისაც მართლა უჭირთ და არ აქვთ საცხოვრებელი. მერის თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, გამგეობები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ ამ ოჯახების ქირით გაყვანა უზრუნველყონ. თბილისის მერის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტიდან მომავალ წელს ამ მიმართულებით, 350 მილიონი ლარი დაიხარჯება.
15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს. მოგვიანებით 9 გაათავისუფლეს, ხოლო ერთ დაკავებულს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.
აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სალხს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ.
დღეს, 23 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მერიამ სახლები ისევ დაანგრია. თბილისის მერიას შენობების მფლობელებისთვის მათი დემონტაჟისთვის 4 დღე ქონდა მიცემული. ეს ვადა გუშინ ამოიწურა.