მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი იხურება, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ბენეფიციარები სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, პირველი უსაფრთხოება არის, რამე პრობლემა არ მოხდეს და ბავშვები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. რაც შეეხება იმ ბავშვებს, ვინც აღნიშნულ ცენტრში იღებდა მომსახურებას, ჩვენ არავის არაფერს არ დავუკარგავთ, სხვა ცენტრებში იქნება გადანაწილებული, ჩვეულებრივად მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან", - აცხადებს კალაძე.
***
13 სექტემბერს სოციალურ ქსელში მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა დაწერა, რომ მიიღეს ინფორმაცია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი დახურვასთან დაკავშირებით - მისი განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია სწავლის დაწყების წინა დღეს მიაწოდეს და ასზე მეტ ბენეფიციარი ცენტრის გარეშე რჩება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, აკრედიტებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე აქვთ ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ილიაუნის კანცლერის, ქეთი ლაკირბაიას თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სწავლისა და კვლევის პროცესები სხვადასხვა შენობაში გადანაწილდეს.
მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ჯამში, მომსახურება 1 850 ბავშვს და მოზარდს უფინანსდება.