თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ წყნეთის ე.წ. ფანჩატურში, სადაც მოზარდს დენმა დაარტყა და დაიღუპა, ელექტრო ხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან ნებართვა არ გაცემულა. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რომლის დაწყების წინ დაღუპულ მოზარდს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში, ე.წ. ფანჩატურში ელექტრო ხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა და მისი დაერთება მოხდა თვითნებურად. ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, არც ერთ სივრცეში, აღნიშნულ პავილიონებს და ფანჩატურებს არ აქვს ელექტროენერგიის წყარო. არის რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკი, სადაც საჭადრაკო სივრცეებია და ამ სივრცეებში არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ფანჩატურებში ელექტრო გაყვანილობა არ იყოს გაკეთებული", - განაცხადა კალაძემ.
რამდენიმე დღის წინ წყნეთში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ, რა დროსაც ე.წ. ფანჩატურში მოზარდს დენმა დაარტყა.
ვაკის გამგეობა მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ფანჩატურში უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა.