logo
ENG



კალაძემ სპორტის ენაზე მაინც გაიგოს, რომ ვაჩვენებთ ყვითელ ბარათს - მერიასთან აქცია იმართება

10 თებ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

საპროტესტო აქცია იმართება თბილისის მერიასთან. ადგილზე ანას ბაღის დამცველები არიან შეკრებილი. აქტივისტები ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის პარალელურად მერიის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს სხდომა, რომელზეც განიხილავენ საჩივარს მშენებლობის ნებართვის შეჩერებასთან დაკავშირებით.

აქციაზე მისულია „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ლაშა ჩხარტიშვილი. ის ამბობს, რომ მშენებლობის შეჩერება სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოსახლეობასთან ერთად. ნებართვის გაუქმება არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, რადგან კორუფციული ინტერესების გამო საფრთხის ქვეშ აყენებენ ხუთი კორპუსის მოსახლეობას. ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სასამართლოში და მხოლოდ ივანიშვილის სასამართლოს იმედად ვერ ვიქნებით“,  - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

აქციის მონაწილეებმა მოიტანეს ყვითელი ბარათები და ამბობენ, რომ კახი კალაძეს სპორტის ენაზე აუხსნიან და სთხოვენ, შეჩერდეს.

​„დღეს აქ მოვედით, რადგან კახის არ ესმის ჩვენი საუბარი და როგორც ფეხბურთელმა ფეხბურთის ენაზე მაინც გაიგოს, რომ ვაჩვენებთ ყვითელ ბარათს. ბარათი ნიშნავს იმას, რომ კახი დაგვპირდა, სკვერებთან მშენებლობა აღარ იქნებაო და აგვიხსნას მაინც, რა შემთხვევაში შეიძლება მშენებლობა. თუ იმას გულისხმობდა, რომ ბავშვებს ზედ არ დააშენებენ შენობას, მაშინ ეს განგვიმარტოს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.


close დახურვა