თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 12 ნოემბერს საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართულ მატჩზე შვილთან ერთად "ინერციით მივიდა" და ბოდიშს უხდის იმ გულშემატკივარს, ვინც ის "გულწრფელად გააკრიტიკა".
დედაქალაქის მერმა ეს ტექსტი Facebook-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც მოქალაქეების აღშფოთება მოჰყვა სტადიონზე მისი და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების დასწრებას, მაშინ, როცა სხვებისთვის იქ შესვლა აკრძალული იყო, 22:00 საათის შემდეგ გარეთ მყოფი გულშემატკივარი კი 2000 ლარით დააჯარიმეს.
კალაძის თქმით, ის სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციის მიწვევით იყო, არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი, არამედ როგორც ვეტერანი ფეხბურთელი და უცნაური მისი იქ არყოფნა უფრო იქნებოდა. თუმცა, კალაძე წერს, რომ "ალბათ მეტად უნდა გაეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება":
"მე იქ ვიყავი 'უეფა'-ს დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად. სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, 'ჩაწყობ', 'ჩინოვნიკობა' ან რამე უკანონო ქმედება ...
ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე. ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია", - წერს კალაძე.
მისი თქმით, უადგილოა ამის გამო პოლიტიკური დატვირთვის მქონე კრიტიკა, ხოლო ადამიანებს, ვინც ის "გულწრფელად გააკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს უხდის ამ უნებური შეცდომისთვის".
დედაქალაქის მერი ასევე ამბობს, რომ გულშემატკივრის ოჯახს ჯარიმა "ტვირთად არ უნდა დააწვეს" და მას ამ პრობლემის გადაჭრას პირდება:
"გუშინ, ერთ-ერთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას", - ამბობს კალაძე.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. ქართველებმა კი მატჩი წააგეს და ევროპის ჩემპიონატის გარეშე დარჩნენ.
კახა კალაძისა და ქართული ოცნების კიდევ ერთი წარმომადგენლის ლევან კობიაშვილის გარდა, რომელიც ამავდროულად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, სტადიონზე თამაშს ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეც.