logo
ENG



კალაძის თქმით, თუ ჟურნალისტები მის პროექტებს არ გააშუქებენ, თანამშრომლობა აღარ იქნება

09 დეკ 202114:55
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძის თქმით, მასთან ურთიერთობის ჟურნალისტების ქცევაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ განუცხადა.

მერისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტები არა ღონისძიების გასაშუქებლად, არამედ მისთვის კითხვის დასასმელად მიდიან.

"მაშინ შევთანხმდეთ ერთ რამეზე, თუ თემა არ გაინტერესებთ, მაშინ ნუ მობრძანდებით. რატომ მოდიხართ, თუ არ აშუქებთ მაშინ კონკრეტულ საქმეს. მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას და უბრალოდ არ იქნება ჩვენი თანამშრომლობა. მე სხვა ბერკეტი არ გამაჩნია", - თქვა კალაძემ.

ფორმულას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტები მის პროექტებს არ გააშუქებენ:

"არაფერი, არ ვითანამშრომლებთ და მორჩა". 

თანამშრომლობის რა ფორმებზეა საუბარუ, კალაძე არ აზუსტებს:

"ჩვენს სამსახურს გაკეთებული აქვს მონიტორინგი და არც ერთი ღონისძიება არ გაქვთ არც ერთ საინფორმაციოში გაშუქებული... არც მე მაქვს ვალდებულება თქვენთან ვიდგე და თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო".

თბილისის მერმა მუქარის შემცველი განცხადება მედიის მიმართ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მერი ამას სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ უწოდებს, კახა კალაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტები ღონისძიებას იღებენ და არ აშუქებენ, ამავე დროს კი სხვა თემებზე უსვამენ კითხვებს.

"ასე რომ, თუ ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს", - თქვა მერმა.


close დახურვა