logo
ENG



კალაძის თქმით, მთავრობამ, შესაძლოა, კომენდანტის საათი 23:00 სთ-მდე გადაწიოს

17 დეკ 202023:36
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/17/rkvnf3miuz5siq7.jpg

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ მთავრობა 24 დეკემბრამდე გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე კომენდანტის საათის 23:00 - 00:00 საათამდე გადაწევას განიხილავს. 

"24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ საკომენდანტო საათი გადაიწიოს მაგალითად,  23:00 ან 00:00 საათამდე", - ამბობს კალაძე. 

დედაქალაქის მერის პასუხი ჟურნალისტების შეკითხვას მოჰყვა, თუ ვისთვის მოირთო საახალწლოდ ქალაქი, როდესაც ღამის საათებში მოქალაქეებს გადაადგილება აქვთ შეზღუდული. თბილისის მერი ამბობს, რომ ხვალიდან კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ საახალწლო განათებები გამოირთვება. მისი თქმით, ჩართული დარჩება მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დადგმული ნაძვისხე, რომლის შეძენაც დედაქალაქის მოსახლეობას 1 მილიონი, მისი ტოტების გადაკეთება კი 195 800 ლარი დაუჯდა. 

სწორედ კომენდანტის საათის გამო, კალაძემ ნაძვისხე მოქალაქეების დასწრების გარეშე გახსნა და ამისთვის მათ ბოდიშიც მოუხადა. 

"მინდა, რომ ბოდიში მოგიხადოთ, რომ დღეს აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო იმიტომ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს", - თქვა კალაძემ. 

გადაადგილების შეზღუდვა 28 ნოემბრიდან მოყოლებული საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებს. მთავრობის გადაწვყეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ 31 დეკემბრისა და 6 იანვრის ღამეს მოიხსნება. 


close დახურვა