თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყება.
როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება და რეაბილიტაციის პარალელურად, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
"იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, არ შეგვიძლია პარკის ისტორიული გეგმარება, პირიქით, რაც უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნებთ.
სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა. პარალელურად მიმდინარეობს კასკადის პროექტირება და როგორც კი პროექტი გვექნება, კასკადისა და შადრევნების სამუშაოებზე გამოვაცხადებთ ტენდერს", - განაცხადა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ 19 აგვისტოს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ მსხვილი პროექტები - მათ შორის წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირებზე დაგეგმილი სამუშაოები, კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდება.