logo
ENG



კალაძის კამპანია შიშის სამარცხვინო გამოვლინებაა - ბოკერია

26 ივნ 202006:57
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია თბილისის მერის მიერ ე.წ. ფეიკ-ნიუსების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმაურება.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, მედიის კრიტიკა ხელისუფლების პრეროგატივა არ არის.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ის ფორმა, რომლითაც თბილისის მერი კრიტიკული მედიასაშუალების მონიტორინგს აწარმოებს, ადამიანების ჯგუფებს შორის კონფლიქტსა და შუღლს აღვივებს. 

"ეს ისტერია, რომელშიც იმყოფება ივანიშვილი და მთელი მისი გარემოცვა, ძალაუფლების დაკარგვის შიშით, ზუსტად ამაში ვლინდება, რომ მედიის გაკონტროლება ბოლომდე ვერ შეძლეს, ყველა მცდელობის მიუხედავად. ამაზეა ეს მათი რეაქცია. ამ შიშის სამარცხვინო გამოვლინებაა ამ კამპანიის დაწყება. ის ფორმა, რა ფორმითაც ეს ხდება ემსახურება საზოგადოების დაყოფის, სიძულვილის და შუღლის გაღვივების ფორმა“, - განაცხადა ბოკერიამ.

კალაძის კამპანიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პოლიტიკურ დევნად აფასებს. 

"ეს არის პოლიტიკური დევნა. ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება, რომელსაც საფუძველი დაუდო ამ პარტიის გენერალურმა მდივანმა. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების უფლებებს. ეს არის პოლიტიკური დევნა მედია საშუალებების წინააღმდეგ. ეს არის არადემოკრატიული მექანიზმის და შანტაჟის ამოქმედება“, - ამბობს გოცირიძე.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კალაძის მიერ წამოწყებულ კამპანიას აკრიტიკებს.

"მას შემდეგ რაც ალბათ „ქართული ოცნება“ „იმედს“ დილით, შუა დღე, საღამოს უცქერს, უსმენს და მერე გია აბაშიძეს მოიყვანს, დაისვამს და პარკში სეირნობის დროს გაიგებს რაღაც ამბებს და მერე ამ ამბებს ასაღებს როგორც სიმართლეს, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი მედიას, რომელიც აკრიტიკებს, მტრად შერაცხავს. მისთვის სტანდარტი არის „იმედი“, გია აბაშიძე და ამ სივრციდან მოსაუბრე ადამიანები“,

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ კრიტიკულ მედიაზე თავდასხმა დაიწყო. მან ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ჩართვაში ტელეკომპანია "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

 


close დახურვა