კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ ელენე ხოშტარიას მიერ ჩადენილ "დანაშაულს" ადასტურებს ტელევიზიით გასული კადრები, ამასთან, საქმეს თან ერთვის დაცვის თანამშრომლის ჩვენება.
ელენე ხოშტარია დღევანდელ სხდომას არ დაესწრო. ის არ აღიარებს დანაშაულს.
პოლიციამ ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავა.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც დააკავეს.
პოლიტიკოსმა 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, კახა კალაძის ბანერზე გააკეთა წარწერა - რუსული ოცნება. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
